თვით მესამე რაიხშიც კი საჭირო იყო დისციპლინა


ამჯერად მინდა, გესაუბროთ ერთ ფართოდ გავრცელებულ ფრაზაზე : "ვინც მოითმენს, ის მოიგებსო"... ამ გამოთქმის გააზრება არც ბავშვობაში იყო ადვილი და არც - ზრდასრულობისას. მაინც რაში გვეხმარება ამ ერთი შეხედვით თითქოსდა "არაფრის მომცემი" ფრაზის გაცნობიერება?

მოგეხსენებათ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ყოველთვის ცდილობს, იყოს შეუპოვარი, და, სანამ რაიმეს გაიაზრებს, უკვე მოქმედებაზე გადადის. სამწუხარო ინფორმაცია მაქვს ასეთი ადამიანებისთვის... ეს სულსწრაფობაა და, მერწმუნეთ, ხშირად წაიმტვრევთ კისერს ამის გამო. მიზნის მისაღწევად საჭიროა, გქონდეს მოთმინების უნარი; ეცადო, ეს მიზანი იყოს რეალური; და არასოდეს დაკარგო იმედი, რომ ყველაფერი გამოგივა მაშინაც კი, როცა გარემოებები შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს...  

აქვეა მეორე აუცილებელი პირობაც. იმისთვის, რომ ცხოვრებაში მიიღო რეალური შედეგი, მხოლოდ შრომა და საქმეზე ფოკუსირება შედეგს ვერ მოიტანს. ასეთ დროს მთავარია, გაითვალისწინო,  ყველა საქმეს სჭირდება მოთმინება, "რკინის ნერვები", რათა ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეძლო მიზანთან მიახლოება. მაგალითად, დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, რათა ის იდეა განეხორცილებინათ, რითაც ბავშვობიდანვე იყვნენ შთაგონებულნი. მათ მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და დიდი თავგანწირვის ფასად  მიაღწიეს მიზანს... მართალია, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მაგრამ შეძლეს თავისუფლების სიყვარულის დანერგვა და მოპოვება.

ამავე დროს, საქმის კეთების პროცესში არ უნდა დაგავიწყდეთ დისციპლინის დაცვა, რადგან ყოველთვის, როდესაც არღვევთ დისციპლინას, საფრთხეს უქმნით საქმის განხორცილებას და ადგილს უთმობთ ქაოსს, რასაც დემოტივაციამდე მიყავხართ. "თვით მესამე რაიხშიც კი საქმის დროს უმთავრესი იყო "დისციპლინა"... მოთმინების და დისციპლინის დროს ადამიანს აქვს საშუალება, გააანალიზოს თითოეული ნაბიჯი და მოქმედება, რათა უფრო მარტივად მოახერხოს საქმის რეალიზება. ისინი ამ დროს შინაგან სიმშვიდეს განიცდიან და შეუძლიათ, სწრაფად და ხარისხიანად მიიღონ გადაწყვეტილება,  იაზროვნონ სწრაფად, "ცივი გონებით ცხელ კვალზე" იმოქმედონ და შედეგს მიაღწიონ.
სულიერ მამებს უთქვამთ, " თუ არ გსურს მოთმინება, გვირგვინი არ გდომებიაო". ასეა, ნამდვილად ასეა. ვერც ერთ საქმეში შეძლებ, გვირგვინი დაიდგა თავზე, თუ მოთმინება და დისციპლინა არ გექნება, რადგან მოთმინება გასწავლის რეალობის სწორად აღქმას, ხოლო დისციპლინა გაძლევს საშუალებას, ემოციებს არ მისცე უფლება შენზე ზემოქმედების.

და ბოლოს, "ვინც მოითმენს ის მოიგებსო" - ამ სიტყვებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მხოლოდ კარგისკენ. ალბათ ისაა ყველაზე სასაცილო, რომ ზოგჯერ სწორედ  ისეთი ფრაზები, რაც ჩვენ უმნიშვნელო გვგონია, ყველაზე დიდ აზრს ატარებენ.

| გააზიარე
მოგწონთ?