ის, რაც შეუძლია ერთს, თანაბრად შეუძლია ყველას - მაჰათმა განდი


"ძალაუფლება ორნაირი არსებობს! - ერთი სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული, რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება" 

ალბათ დიდ არმიასაც კი გაუჭირდებოდა იმ დიდი სიმაღლეების დალაშქვრა ბრიტანეთის წინააღმდეგ, რისი მიღწევაც შეძლო მაჰათმა განდიმ საკუთარი ძალებით, უიარაღოდ და რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერით. ჩვენ მოგიყვებით ისტორიას, რომლის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მოცემულ მომენტში არსებული მიზნებისა და სურვილების სიძლიერემ  შესაძლოა განაპირობოს სამომავლოდ  თქვენი ლიდერად ჩამოყალიბება.

1869 წლის 2 ოქტომბერს, პატარა ქალაქ პორბანდარაში, დაიბადა ინდოეთის მომავალი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მოჰანდას კარამჩანდ განდი. სწავლისადმი დიდი სიყვარულით არასდროს  გამოირჩეოდა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა მომზადებული ყოფილიყო, რათა მასწავლებლების შენიშვნა არ დაემსახურებინა.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ინგლისისაკენ მიმავალ გზას დაადგა. პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული განდი დაეუფლა ადვოკატის პროფესიას და მომავლის შიშთან შეზავებული იმედის სუსტი ნაპერწკალით კვლავ ინდოეთში დაბრუნდა. შემდგომში აფრიკაში მან აქტიური მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ. იქ არსებულმა დაპირისპირებებმა და კანონებმა, რომლებიც ინდოელთა უფლებებს ზღუდავდა, განდი აიძულა ამ უფლებების დასაცავად ებრძოლა. 

მოგეხსენებათ, როდესაც საზოგადოების სამსახურში დგები, როგორც მომხრე, ასევე მოწინააღმდეგეც ბევრი გყავს. არც განდი იყო გამონაკლისი, როდესაც თეთრკანიანებმა ბომბეიში მიმავალი "ფერადკანიანების მედროშე" სასტიკად სცემეს. მისი ძირეული პოლიტიკური მსოფლმხედველობა ბურების ომის პერიოდში ჩამოყალიბდა. იგი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინდუს საზოგადოებაში ეროვნული თვითგამორკვევის პროცესს.

მან მიმართა ახალ მეთოდს "სატიაგრაჰას", რომლის მიზანი მოწინააღმდეგის მეგობრად და მოკავშირედ გადაქცევა იყო, ვინაიდან ითვლება, რომ სინდისზე მიმართვა უფრო ეფექტურია, ვიდრე შიშსა და ძალადობაზე. მის მიერ გატარებულ მშვიდობიან პოლიტიკას ბრიტანეთის მხრიდან მრავალი რეპრესიები თუ დასჯა მოჰყვა. 

მან ყველაზე მეტად განიცადა ინდოეთის ორად გაყოფის პროექტი. მაჰათმა განდი მიჩნეულ იქნა მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში, თუმცა არც მაშინ დანებდა და მოახერხა, რომ ბრიტანეთის მთავრობა დათმობებზე წასულიყო. ამის შემდგომ მას დიდხანს არც უცოცხლია.

იცოდით, რომ ადამიანს, რომელმაც სრულიად "შიშველი ხელებით" ეპოქა შექმნა, სიკვდილის ბოლომდე ღრმად სწამდა, რომ ის, რაც შეუძლია ერთს, თანაბრად შეუძლია ყველას? ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, ვიყოთ შემდეგი და თამამად მივყვეთ ყველა იმ მიზანს, რაც დასახული გვაქვს?

| გააზიარე
მოგწონთ?