საკუთარი თავის ერთგულებით მოპოვებული ბედნიერება - დეილ კარნეგი


არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება გიჩვენებს, რისი მიღწევა შეგიძლია, თუ მთელი არსებით მიეცემი ორიგინალურ იდეას და აივსები ენთუზიაზმით.

ასეთი ადამიანების ნათელი მაგალითია დეილ კარნეგი. მისურის ფერმაში დაბადებულ ბიჭს არაფერი ჰქონდა, საკუთარი თავის რწმენის გარდა.

კოლეჯში, სადაც დეილი სწავლობდა, 600 სტუდენტი იყო. მათგან მხოლოდ ექვსს არ შეეძლო ქალაქში ოთახის დაქირავება, მათ შორის იყო დეილ კარნეგიც. ბიჭს რცხვენოდა სიღარიბის, დავიწროვებული ქურთუკის, დამოკლებული შარვლის და განსაკუთრებით იმის, რომ ყოველ საღამოს ფერმაში უნდა დაბრუნებულიყო. დეილი ცდილობდა, როგორმე დაეძლია არასრულფასოვნების კომპლექსი და ეძებდა რაღაც ისეთს, რაც თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა და საკუთარ ძალაშიც დაარწმუნებდა.

კოლეჯის გავლენიანი სტუდენტები ორ კატეგორიად იყოფოდნენ. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ სპორტსმენები, მეორეს კი ბიჭები, რომლებიც სპეციალურად გამართულ საჯარო დისკუსიებში იმარჯვებდნენ.

დეილმა კარგად იცოდა, რომ ათლეტური შესაძლებლობები არ გააჩნდა და ორატორული ხელოვნების ასპარეზზე სცადა ბედი. ის ბევრს მეცადინეობდა, თავისთვის ხმამაღლა საუბრობდა, სიტყვის წარმოთქმაში ვარჯიშობდა. ამ დროს ის 18 წლის იყო და განსაკუთრებით გამძაფრებული ჰქონდა თავმოყვარეობის გრძნობა. ღარიბი ცხოვრებით დათრგუნული ბიჭი თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ეწვია გამარჯვების სიხარული. ბევრმა მცდელობამ გაამართლა და კოლეჯში გამართულ ყველა დისკუსიას მისთვის უკვე წარმატება მოჰქონდა.

დეილ კარნეგი ასწავლიდა კომუნიკაციის ხელოვნებას. 1912 წელს დაიწყო მისი მსოფლიოში ცნობილი სალექციო კურსი. ის დოგმების მონა არასდროს გამხდარა. მისი კურსი იყო რეალური და ცხოვრებისეული, რა თქმა უნდა, საინტერესოც. მისი წიგნები ,,როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“, ,,როგორ შევწყვიტოთ წუხილი და დავიწყოთ ცხოვრება“, თარგმნილია მრავალ ენაზე და გაყიდულია ათ მილიონ ეგზემპლარზე მეტი.

მაინც, როგორ გახდა პატარა ღარიბი ბიჭი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი? მას ჰქონდა რწმენა, იბრძოლა და გაიმარჯვა კიდეც. რაც მთავარია, მუდმივად მოქმედებდა, ადამიანებთან ურთიერთობებში აუმჯობესებდა თავის მეთოდებს. მას არ უღალატია თავისი პრინციპებისთვის და პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. როგორც ის ამბობდა: ,,ბედნიერება საკუთარი თავის ერთგულებას მოაქვს.“

თქვენ რა გიშლით ხელს იყოთ საკუთარი თავის ერთგულები და მიაღწიოთ წარმატებას?

| გააზიარე
მოგწონთ?