როგორ გავაძლიეროთ გუნდი 1 გადაწყვეტილებით


გუნდში ნდობის ჩამოყალიბება და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, როდესაც ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში, მენეჯერისთვის დიდი გამოწვევაა.

დღეს მე მსურს ვისაუბრო ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი მიდგომა გუნდში ურთიერთობის თვალსაზრისით.

რა ხდება ხშირად როგორც ქართულ, ისე უცხოურ ორგანიზაციებში? საქმე იმაშია, რომ კომპანიებში ხელმძღვანელსა და დაქვემდებარებულს აქვთ ისეთი ურთიერთობა, როდესაც ხელმძღვანელი მას აძლევს გარკვეულ დავალებებს, შემსრულებელი კი ფიქრობს, თუ როგორ შეასრულოს ისინი იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა მას ეს დავალებები. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს დავალებები არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს სინამდვილეში.

ამ დროს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელმძღვანელებსა და დაქვემდებარებულებს შორის არის გაურკვევლობები. ხშირად ასეთი უფროსები თანამშრომლებს აძლევენ დავალებას და მის მაღალ დონეზე შესრულებას სთხოვენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ხვდებიან, რომ მოცემული დავალება არ შესრულდა სათანადოდ, იქმნება გარკვეული დაძაბულობა და იწყება მიზეზების გარკვევის მცდელობები.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რეალური მიზეზი არის ხელმძღვანელის დამოკიდებულება და ქცევა, რადგან ასეთ დროს დაქვემდებარებულის ნდობის მოპოვება და მასთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებელია. თქვენ უნდა მოახერხოთ, რომ უსიტყვოდ უგებდეთ ერთმანეთს.

როგორ გავაკეთოთ ეს? მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეთანხმდეთ გარკვეულ თამაშის წესებზე. თამაშის წესები ძალიან მარტივია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვაძლებთ გარკვეულ დაპირებებს. პირობა, რომელიც დავდეთ, აუცილებლად უნდა იყოს დაცული მაღალ დონეზე. შესაბამისად, ხელმძღვანელისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობის მთლიანი სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს ერთმანეთის ნდობასა და გარკვეული პირობების შესრულებაზე.

კარგად გაანალიზეთ, რამდენად არიან თქვენს გუნდში თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ აღებული პასუხისმგებლობებისა და დადებული პირობების შესრულება? თუ თვლით, რომ ვინმე ასეთი არ არის, უბრალოდ არ აქვს აზრი ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერას, მიუხედავად იმისა, რომელ პოზიციაზე იმყოფება ის. ვისთანაც შეიძლება ასე მუშაობა ის კი წაახალისეთ და იმუშავეთ მხოლოდ დაპირებით. რასაც ეტყვით აუცილებლად შეასრულეთ და რასაც თქვენი თანამშრომლები შეგპირდებიან ისიც ბუნებრივად ყოველთვის შესრულდება. ამ მეთოდის დანერგვა არ არის რთული და ზუსტად ერთ დღეში ერთი საუბრის შემდეგ შეგიძლიათ მიაღწიოთ შეთანხმებას თქვენი გუნდის წევრებთან რომ ამიერიდან, ყველანი ასე იმუშავებენ.

დანერგეთ მოცემული პრინციპი თქვენს კომპანიაში და ეს ყველაფერი დაგეხმარებათ გახადოთ გუნდში მუშაობა ეფექტიანი, რაც საბოლოოდ, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?