კომპანიის მოგების ზრდა პერსონალური მესიჯის მენეჯმენტის საშუალებით


თანამედროვე ბიზნესში კომპანიები ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სოციალურ მედიას იმისათვის, რომ მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებს გარკვეული ინფორმაცია. ხშირია მათი მხრიდან არაპირდაპირი და სახალისო მესიჯები და როგორც წესი, ყურადღებას ძირითადად Facebook-ზე ამახვილებენ, რადგან მისი მეშვეობით მომხმარებლებთან მარტივი კომუნიკაციის დამყარება არის შესაძლებელი.

საინტერესოა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ზე კონცენტრირება არც თუ ისე ეფექტიანია. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად სახალისოა ჩვენი კომუნიკაციის საშუალებები ან რამდენად კარგი პერიოდულობით იდება ისინი, არამედ მთავარია, თუ უშუალოდ რა ინფორმაციას ვაწოდებთ მომხმარებლებს. თანამედროვე ბიზნესში უფრო მომგებიანი პერსონალური მესიჯის მართვაა.

რას ნიშნავს პერსონალური მესიჯის მართვა? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ჩვენ მიერ გადაწყვეტილი პერიოდულობით კლიენტებს მივაწოდოთ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია ჩვენი კომპანიის, ინდუსტრიის ან პროდუქტის გამოყენების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ მათ სხვადასხვა საშუალებებით, იქნება ეს სტატიები, ვიდეოები, თამაშები, ინტერაქტიული გადაცემები იმისათვის, რომ მომხმარებლებს შეექმნათ დადებითი წარმოდგენა ჩვენი პროდუქტის ირგვლივ.

როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი? პირველ რიგში, უნდა დავისახოთ მარკეტინგული მიზნები ამ მიმართულებით, შემდგომ კი კომუნიკაციის გარკვეული გეგმა შევიმუშაოთ, თუ უშაულოდ რა ინფორმაციას მივაწვდით კლინტებს და როდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერნეტ სივრცე მუდმივად იცვლება და ამ მხრივ არსებობს გარკვეული ტრენდი. მაგალითად, თუ ადრე უფრო აქტუალური სტატიების კითხვა იყო, ახლა მომხმარებლები ვიდეოების ყურებას ამჯობინებენ. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუწო Facebook-ის სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ, ვიდეოების ყურება გაეხადა უფრო მოსახერხებელი ამავე საიტზე, ვიდრე ეს იყო Youtube-ზე გადასვლით. ეს ტრენდი, რა თქმა უნდა, მომავალშიც განვითარდება და მომხმარებლებსაც უფრო დააინტერესებთ ისეთი შინაარსის ვიდეოები, სადაც იქნება კონკრეტული მესიჯები, მოკლედ და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ვიდრე დროში გაწელილი.

აქედან გამომდინარე, პერსონალური მესიჯის მართვა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე ბიზნესში, შესაბამისად, თუ თქვენ დაიწყებთ ამ მხრივ კომუნიკაციას მომხმარებლებთან, ისინი იქნებიან გაცილებით უფრო ინფორმირებულები და მიიღებთ ძალიან კარგ უკუკავშირს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ასეთი სოციალური აქტივობის დამსახურებით თქვენ იქნებით პირველი, ვინც გაახსენდებათ მომხმარებლებს შესაბამისი პროდუქტის შერჩევის დროს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?